სახლი თბილისი ჰილსში

საცხოვრებელი სახლი თბილისის ახალი საცხოვრებელი უბნის „თბილისი ჰილსის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს ადგილი ქალაქის ხმაურიანი და ხალხმრავალი დასახლებებისგან მოშორებით, ბუნების წიაღშია მოქცეული და პანორამული ხედებით გარშემორტყმული.

უშუალოდ ჩვენი მიწის ნაკვეთი რთულ, ტყით გარშემრტყმულ რელიეფზე მდებარეობს და ჩადის მცირე ზომის ხეობამდე. თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო ისეთი მოცულობის შექმნა, რომელიც კარგად ჩაჯდებოდა გარემოში და ამასთანავე, იქნებოდა თვითმყოფადი არქიტეტურა. შენობის სრული გაბარიტები აწყობილია თეთრი მასიური სიბრტყეებით, რომელიც ნაწილობრივ ღიაა, საიდანაც ბუნების ფრაგმენტები გაცილებით მკვეთრად ჩანს; ხოლო ნაწილობრივი შევსება მოხდა ვიტრაჟებით და ხის დარაბებით, რაც არ არღვევს შენობის ერთიან სიმსუბუქეს, არამედ ჰარმონიაშია გარემოსთან და ამგვარად შენობაც ლანდშაფტის ნაწილად გადაიქცევა. 

კატეგორია
არქიტექტურა, საცხოვრებელი სახლი

 

ვადები
2020 -

 

სტატუსი
მშენებარე 

 

მდებარეობა
კრწანისი, თბილისი, საქართველო

 

ტიპოლოგია
საცხოვრებელი სახლი

 

ფართობი
340  მ2

 

არქიტექტორთა გუნდი 
ნუგო დვალიშვილი , ანანო მაისურაძე

პროექტი ტექნიკურად წარმოადგენს ორ სართულზე განაწილებულ ორბინიან ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, სადაც უნდა იცხოვროს ორ ძმამ დამოუკიდებლად, ოჯახებთან ერთად. ამისთვის გეგმარება მაქსიმალურად მორგებულია მოთხოვნებს და დამოუკიდებლად არის განვითარებული როგორც შიდა ასევე გარე სივრცეები და ეზო.

 

სამანქანო გზა ნაკვეთს ზედა ნიშნულიდან ესაზღვრება, შესაბამისად, ავტოფარეხიც და ეზოში შესასველიც მეორე სართულის დონეზე მოეწყობა; აქედან ხდება ზედა ნიშნულზე განთავსებულ სახლში, ან, ეზოში განთავსებული დამოუკიდებლი კიბის უჯრედის საშუალებით, პირველ სართულზე მოხვედრა. 

როგორც პირველ, ასევე მეორე სართულზე განთავსებულია ორი საძინებელი ოთახი და საერთო სივრცე, რომელიც მისაღებსა და სამზარეულოს აერთიანებს; ასევე, სამუშაო ოთახი და სველი წერტილები. ორ სახლს შორის კავშირს ქმნის როგორც ღია, დამოუკიდებელი კიბე, ასევე ჰოლში განთავსებული დახურული კიბის უჯრედი. 

გარდა ამისა, ზედა ნიშნულის მოცულობაში მოწყობილია სტუმრის მისაღები სივრცე, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი,  საძინებლი და სველი წერტილი. სტუმრისთვის განკუთვნილი სახლის ეს ნაწილი კონსოლს წარმოადგენს და გადახურვას ქმნის მის ქვეშ არსებული ღია სივრცისთვის, სადაც ქვედა ნიშნულზე არსებულ სახლში შესასვლელია მოწყობილი. 

 

შედარებით ქვემოთ, ხეობის პირას, განთავსებულია პანორამული აუზი ტერასით საიდანაც ტყის მასივის ულამაზესი ხედი იშლება. აუზით და ტერასით უნდა ისარგებლოს ორივე ოჯახმა,

ამიტომ გავაკეთეთ შედარებით მოშორებით ორივე ბინისგან, რითაც გამოყოფილ პრივატულ სივრცეებთან ერთად გაჩდა სივრცე, რომელიც ერთგვარი შეკრების ადგილიცაა ორივე ოჯახისთვის.